logo
ENG



შოიგუს განკარგულებით შეიარაღების მიწოდება "განსაკუთრებული კონტროლის" ქვეშ იქნება

05 მაი 202319:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/05/qryyzkhwlgn6ex8.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დავალება გასცა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში შეიარაღების მიწოდება "განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ" იყოს. შოიგუმ შესაბამისი ინსტრუქცია სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარებული შემოწმების დროს გასცა.

აღნიშნული განკარგულება შოიგუმ გასცა მას შემდეგ, რაც სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს.

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

ამასთან უკრაინის შეიაღარებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები.

ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას, გრძელდება მძიმე ბრძოლები.

ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას.

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა. 

კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა